PsychoRoom
ემოცია

ემოცია

17.09.2022

ემოცია

17.09.2022

რა როლს ასრულებს ემოცია ადამიანის ცხოვრებაში?

ხელს გვიშლის ემოიცია, რომ მივაღწიოთ წარმატებას თუ პირიქით ის მამოტივირებელი ფაქტორია?

ამ სტატიაში ასევე განვიხილავთ ათ ფუნდამენტურ ემოციას და მათ ფუნქციებს.

ემოცია სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, სიტყვა ემოცია გამოიყენება რთული გრძნობების გამოსახატავად. ეს არის პიროვნების შინაგანი მდგომარეობა და მიმართულია გარკვეული საგნისაკენ. სიხარული, დარდი, შიში, ზიზღი, რისხვა, სიყვარული, სევდა - ეს ყველაფერი ემოციებია და არარსებობს ცხოვრება მათ გარეშე.

ემოციის სუბიექტურობის გამო ფსიქოლოგიაში დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ემოცია ხელს უშლის ეფექტურ ქცევას. მაგალითად, ადამიანი აბარებს საპასუხისმგებლო გამოცდას, იგი კარგადაა მომზადებული, მაგრამ ღელვა ხელს უშლის და იჭრება. ასევე შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც, მაგალითად ქუჩაზე გადასვლისას ადამიანს მანქანა მოულოდნელად დიდი სისწრაფით უახოლოვდება, იმის მაგივრად რომ მან უკან დაიხიოს, ან უცებ წინ გაიქცეს ადამიანი შიშისაგან შეშდება.
ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს რომ ემოცია იწვევს ორგანიზმის ძალთა მობილიზაციას ხიფათთან ბრძოლისთვის, აღძრავს და წარმართავს ადამიანის აქტივობას, აწვდის მას მომატებულ ენერგიას.
ამიტომ მათი აზრით ემოცია უნდა ჩაითვალოს გარემოსთან შეგუების მძლავრ იარაღად. 
მაგრამ ბევრი მკვლევარი ხაზს უსვამს საწინააღმდეგო ვითარებას: ემოცია არის ეფექტური შეგუების ნაკლებობის შედეგი, იგი ხელს უშლის ინდივიდის გარემოსთან ეფექტურ შეგუებას.
ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგი კლაპარდი ამბობს "ემოცია ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს გარემოსთან შეგუებას,,.

მეცხრამეტე საუკუნეში იერქსმა და დიდსონმა ექსპერიმენტულად დაადგინეს, რომ გარკვეულ ზღვრამდე ემოციის ზრდა ხელს უწყობს ამოცანის წარმატებით გადაჭრას, ქცევის ეფექტურობას. მაგრამ თუ ემოცია ძალიან ძლიერდება ხდება ქცევის ეფექტურობის მუდმივი შემცირება.

უილიამ ჯეიმსი ამბობდა რომ ემოციები ფაქტობრივად წარმოადგენენ ჩვენი სხეულებრივი ცვლილებების გაცნობიერებას და მეტს არაფერს. ცნობილია მისი გამოთქმა "ჩვენ იმიტომ კიარ ვტირით, რომ დამწუხრებულები ვართ, არამედ დამწუხრებულები ვართ, იმიტომ რომ ვტირით,,.

თანამედროვე გამოკვლევების მეშვეობით ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით თუ რახდება ორგანიზმში როცა ჩვენ რაიმე ემოციას განვიცდით. ადრენალინი გლანდის შიდა ნაწილი, მედულა, აგზავნის ორ ჰორმონს ეპინეფრინს და ნორეპინეფრინს, რომლებიც ახდენენ ავტონომიური ნერვული სისტემის აქტივაციას, რაც ქმნის აგზნების მდგომარეობას, აძლიერებს სიფხიზლის დონეს და ამზადებს ორგანიზმს სწრაფი პასუხისთვის. ამ დროს ფართოვდება თვალის გუგები, გული სცემს სწრაფად, სუნთქვა ხშირდება, სისხლში იმატებს შაქრის შემცველობა, რაც სხეულს მოქმედებისათვის საჭირო ენერგიით ამარაგებს; სისხლი მუცლის არიდან მიეწოდება კუნთებსა და კანის ზედაპირს. ამიტომაა რომ როცა აღელვებულები, გაბრაზებულები ან შეყვარებულები ვართ მადას ვკარგავთ. ასევე უარესდება მეხსიერება, კონცენტრაციისა და მოქმედების შესრულების დონე.
ჩვენ ვიღიმებით თუ გვიხარია, თუ ვდარდობთ ვტირით, ანუ გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს. შესაბამისად სხვა ადამიანებთანაც ვურთიერთობთ შინაგანი მდგომარეობის გამოხატულების მიხედვით.

განვიხილოთ ათი ფუნდამენტური ემოცია და მათი ფუნქციები;

1. ინტერესი - განმარტებულია, როგორც ადამიანის შემოქმედებითი და კვლევითი აქტივობის აღმძვრელი მთავარი მოტივაციური მდგომარეობა, რომელიც ორგანიზებას ახდენს და მიზანზე ორიენტირებულს ხდის ადამიანის ქცევას. ითვლება, რომ ინტერესი ყველა სხვა ემოციასთან შედარებით ყველაზე უფრო ხშირად განცდადი მდგომარეობაა და მისი აქტივაციისთვის გამონაკლისს მხოლოდ უარყოფითი ემოციების და მოთხოვნილებების მდგომარეობები წარმოადგენს.

2. სიხარული - ამაღლებს და განამტკიცებს თვითშეფასებას, ააქტიურებს ფსიქიკური პროცესების მუშაობას, ხელს უწყობს ცნობიერების ღიაობას ახალი ინფორმაციის მიღებისა და ახალი გამოცდილების შეძენაში, აღძრავს ინტუიციასა და შემოქმედებით უნარებს, ხელს უწყობს სოციალიზაციის პროცესს და ანვითარებს ალტრუიზმს.

3. გაკვირვება - მისი ადაპტური ფუნქცია მოულოდნელობებისთვის ადამიანის მომზადებაა. გაკვირვების ემოცია ეხმარება ადამიანს უცხო მოვლენებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების შემთხვევებში იმოქმედოს ეფექტიანად. სხვა ემოციებისაგან განსხვავებით მას ხანიერება არ ახასიათებს, ის მალე ქრება ან სხვა ემოციაში გადადის.

4. სევდა - ანელებს ადამიანის ცხოვრების საერთო ტემპს და აძლიერებს რეტროსპექტულ აზროვნებას. ის საშუალებას აძლევს ადამიანს მოახდინოს პრობლემებზე ცენტრირება, აძლიერებს კომუნიკაციურ ფუნქციას, ის ადამიანებში აღძრავს სურვილს დაუახლოვდეს/აღადგინოს ან შეწყვიტოს ადამიანებთან ურთიერთობა. ასევე აღძრავს ადამიანებში ემპათიურ წუხილს.

5. რისხვა - ის აუცილებელი თავდაცვისთვის საჭირო ენერგიის მობილიზაციას ახდენს და ინდივიდს აძლევს ძალისა და სიმამაცის განცდას. თავდაჯერებულობის განცდა ადამიანს საშუალებას აძლევს დაიცვას საკუთარი უფლებები. ასევე ზომიერი რისხვა გამოიყენება თერაპიული მიზნით შიშის დასაძლევად.

6. ზიზღი - განრიდების ქცევის მოტივაციური საფუძველია. ის უკავშირდება უპირატედობის განცდას. ყალიბდება 6-7წლის ასაკში და მისი ევოლუციურ-ბიოლოგიური ძირი დაკავშირებულია კვებასთან.

7. უარყოფა/სიძულვილი - ის ინდივიდს ან ჯგუფს სახიფათო მოწინააღმდეგესთან შესახვედრად ამზადებს. მისი აღმოცენება დაკავშირებულია რეალურ ან წარმოსახულ უპირატესობის განცდასთან. შესაბამისად ის ხასიათდება დომინანტობის განცდით(გამარჯვების შემთხვევაში) და მტრის წინააღმდეგ ნაკლები თანაგრძნობით.

8. შიში - რეალურ ან წარმოსახულ საშიშროებაზე მიმართული რეაქცია. მისი ადაპტური ფუნქცია ფიზიკურ ან ფსიქიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფსიქო-ფიზიკური ძალების მობილიზებაა.

9. სირცხვილი - მისი ევოლუციური ფუნქცია სოციუმთან ინდივიდის ბიოლოგიური ადაპტაციაა. სირცხვილის განცდა ზრდის ადამიანის სენსიტიურობას გარშემომყოფთა გრძნობების და შეფასებების მიმართ, ზრდის სოციალურ შეჭიდულობას, ხელს უწყობს სოციალური ჩვევების განვითარებას. 

10. დანაშაულის გრძნობა - მისი მოტივაციური მნიშვნელობა მორალური და ეთიკური ქცევისთვის საფუძვლების შექმნაა. ის ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, სოციალური პასუხისმგებლობისა და სინდისის ფორმირების პროცესს.

სტატიის ავტორი: მარიამ კიკნაძე

გამოყენებული ლიტერატურა: ნანული ცხვედაძე, ემოციის თეორიები და კვლევის მეთოდები, 2017წ.